ESC - მოხალისეობა პანდემიის პირობებში


დღესდღეობით მსოფლიო უცნაური გამოწვევის წინაშე დგას. პანდემია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების წესი, კიდევ დიდხანს არ აპირებს ჩვენს მიტოვებას. ამიტომ რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და ამით სიამოვნების მიღება. სწორედ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, როცა გადავწყვიტე შანსი გამომეყენებინა და ამ რთულ პერიოდში ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისე გავმხდარიყავი.

რა თქმა უნდა, პანდემია მოხალისეობრივ ცხოვრებაზეც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ის გვიზღუდავს აქტივობების ჩატარების არეალს, ფორმას, სივრცეს, ამასთანავე, გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო კრეატიულები, რათა გამოვძებნოთ ადამიანებთან დაკავშირების ახალი გზები, უფრო ენერგიულები, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენთვის განსაზღვრული დრო და რესურსი და უფრო მზრუნველები, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუზიაროთ მხოლოდ დადებითი ემოციები.

პირველი ასეთი ემოციების ზღვა მივიღე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან სტუმრობისას, რომლებიც, როგორც ბაღის აღმზრდელმა გვითხრა, თურმე მოუთმენლად ელოდნენ ,,უცხოელების“ გამოჩენას, რომლებიც არ საუბრობენ მათთვის გასაგებ ენაზე. მახსოვს, როგორი თავდაჯერებული სახით მოვიდა ერთი ცისფერთვალება ბიჭი ჩემთან და იაპონურად (მისი აზრით, მისთვის უცხო და ჩემთვის გასაგებ ენაზე) რაღაც სიტყვა მითხრა და როცა ჩემი დაბნეული სახე დაინახა, ძალიან გაუკვირდა. მოკლედ, ის დაძაბულობა, რაც, როგორც წესი, გაუცხოებას და ენობრივ ბარიერს ახლავს თან, რამდენიმე წუთში დავძლიეთ და მიუხედავად იმისა, რომ მე მათი პოლონური არ მესმოდა, მათ კი - ჩემი ინგლისური, თამაშის და გართობის ენა მარტივად გამოვნახეთ.

დამშვიდობებისას იმაზეც შევთანხმდით, რომ ინგლისურსაც თამაშის ენით ვისწავლიდით.


კიდევ ერთი შესაძლებლობა, რაც პანდემიის პირობებში უფრო საინტერესოდ მეჩვენება, არის ვროცლავის გაცნობის და შეცნობის პროცესი. ნახევრად დაცარიელებულ ქალაქში ხეტიალი, სიახლეების შეცნობა, მისი ისტორიის კულტურისა და არქიტექტურის უცნობი დეტალების აღმოჩენა, რომელიც ერთგარად მისი მრავალფეროვანი წარსულისა და აწმყოს შერწყმას ცდილობს. და მთავარი - იმის გაანალიზება, რომ ეს ქალაქი არასდროს გაგრძნობინებს თავს ,,უცხოდ“, ,,ჩამოსულად“, იმიგრანტად. მეტიც, თითქოს აქ მოხვედრის პირველივე წუთიდან ხდები ვროცლაველი. აქაურები ხშირად ხუმრობენ, რომ ამ ქალაქში ყველა იმიგრანტია. ამ გამოთქმასაც აქვს თავისი ისტორიული ფესვები, რადგან, როგორც მოგვეხსენება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვროცლავმა სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო. ამიტომ, მართალია, აქ ვერ იპოვით სამი თაობის ვროცლაველს, თუმცა ამ ქალაქმა იმდენი კი მოახერხა, რომ ჩამოსვლიდან ერთ თვეში სამი თაობის ბაღდათელისთვის თავი შეეყვარებინა.








60 views0 comments